ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდის მომწყობების მიმართ სისხლის სამართლის დევნის წარმოების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ "ევროპული დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
"როდესაც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული. არცთუ შორეულ წარსულში გავხდით მორიგი ეთნოწმენდის მსხვერპლი, თუმცა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაული არა მარტო დაუსჯელი დარჩა, სამართლებრივი სანქციებიც კი არ არის გაცემული დამნაშავეთა წინააღმდეგ. აუცილებელია სისხლის სამართლის დევნის წარმოება მათ მიმართ, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე გენოციდი განახორციელა", - განაცხადა დავითაიამ.
მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი უპატიებელი დანაშაულის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ნომერ პირველი პოლიტიკური ვალდებულება უნდა იყოს, თუმცა ამ კუთხით ხელისუფლების მუშაობა შეუმჩნეველია.
"მოგიწოდებთ, გავააქტიუროთ მუშაობა კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში და დავიწყოთ დამნაშავეების წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით", - მიმართა პრეზიდენტს ვიცე-სპიკერმა.