"ევროპული დემოკრატების" ლიდერის, ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას შეფასებით, ქვეყანაში სრული უსამართლობისა და განუკითხაობის დაკანონების აშკარა საფრთხე არსებობს. ამის შესახებ დავითაიმ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
"ჯერ იყო და დენის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის მიბმით გაგვაოცეს და მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამ ტიპური შანტაჟით მხოლოდ დასუფთავების გადასახადის ადმინისტრირება გამარტივდა. სულ ახლახან კი 112-ის გადასახადი დააწერეს მობილური მომსახურების ტარიფებს", - აღნიშნა დავითაიამ.
მისი თქმით, დავუშვათ მისთვის, ვინც მობილური ტელეფონით სარგებლობს, დამატებით 20 თეთრის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს და არც ნაგვით ელექტროენერგიის დაბეგვრაა მდიდრის ჯიბისთვის განსაკუთრებული ზარალის მომტანი, მაგრამ საქმე საქართველოს ეხება, სადაც მოსახლეობის 2/3 უმუშევარია.
"ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო ამგვარი კანონის მიღების პრეცედენტი ქვეყანაში სრული უსამართლობისა და განუკითხაობის დაკანონების აშკარა საფრთხეა", - განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დევნილებს კომუნალური შეღავათები მოუხსნეს, თუმცა ასეთი მწარე მოულოდნელობები პირველი არ არის.
"კომუნალური საგადასახადო ტვირთი როგორ უნდა გაწიონ ადამიანებმა, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვების შოვნაც კი პრობლემაა. დასაქმების სტაბილურობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. გამოვდივარ ინიციატივით, რომ მთავრობამ მოამზადოს სპეციალური სახელმწიფო დასაქმების პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, რომ მათ საკუთარი ხელფასით შეძლონ გადასახადების გადახდა", - მიმართა დეპუტატმა სააკაშვილს.