ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის, პაატა დავითაიას შეფასებით, ვაუჩერებისთვის გაღებული მილიონობით ლარი ნულის ტოლია. ამის შესახებ დავითაიამ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, 30-ლარიანი ვაუჩერებისთვის, რომელიც მთავრობამ გლეხებს სასუქისა და საწვავის შესაძენად დაურიგა, ბიუჯეტიდან მთლიანობაში 24 მილიონი დაიხარჯა, შედეგი ფაქტობრივად ნულის ტოლია, როდესაც შეიძლებოდა ეს თანხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად დახარჯულიყო, რაც გლეხისთვისაც სერიოზული შეღავათი იქნებოდა.
"2011 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადასახადი სამჯერ და მეტჯერაც გაიზარდა, ასევე გაიზარდა მიწის რეგისტრაციის ღირებულება. ჩვენ ვითხოვდით "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტის გაორმაგებას. თუმცა, ქვეყნისთვის ამ აუცილებელი ხარჯების ნაცვლად 2012 წელსაც სოფლის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 10 მილიონით გაიზარდა", - განაცხადა დავითაიამ.
ვიცე-სპიკერმა ხელისუფლებას მოუწოდა, მოხდეს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მონიტორინგი, ჩატარდეს გამოძიება, რამდენად მიზნობრივად და ეფექტურად დაიხარჯა გამოყოფილი თანხები.