მთავრობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას გეგმავს.
მთავრობის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
სხვადასხა საკითხებთან ერთად, რეორგანიზებული სამსახური ასევე მოახდენს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას.
მთავრობის ეს ინიციატივა ბიუროს დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე დარეგისტრირდა და როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, "საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში ამ ინიციატივის სკულპულოზურად განხილვა უნდა მოხდეს".