მილანის სასამართლომ საქმის ხანდაზმულობის გამო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის დაუსჯელობის შესახებ ვერდიქტი გამოტანა. ვერდიქტი სკანდალურ ე.წ. მილსის საქმეს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბერლუსკონის კორუფციაში ედებოდა ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ბერლუსკონის დაუსჯელობის შესახებ გამამართლებელი განაჩენი არ არის. თავად ყოფილი პრემიერის ადვოკატები სწორედ გამამართლებელ გადაწყვეტილებას მოითხოვდნენ "დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო".
ბერლუსკონი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს დარბაზში არ იმყოფებოდა. მედია წერდა იმის შესახებაც, რომ ამ დროს ბერლუსკონი საიდუმლო ადგილას იმყოფებოდა, ვინაიდან ალბათობა იმისა, რომ ყოფილი პრემიერი დაედანაშაულებინათ ძალიან დიდი იყო. სახელმწიფო ბრალმდებელი ფაბიო დე პასკუალე ბერლუსკონისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ მისი ბრალეულობა დადასტურებულია.
ამ სკანდალური საქმის მიხედვით კორუფციის ბრალდება ბერლუსკონისა და მის ყოფილ ბრიტანელ ადვოკატს დევიდ მილსს 1990 წლებში განვითარებული მოვლენების გამო წაეყენათ. მილსი იმ დროს საფინანსო სამრეწველო ჯგუფის " Fininvest " -ის მეპატრონისა და დამფუძნებლის სილვიო ბერლუსკონის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ჯგუფს იტალიურ მართლმსაჯულებასთან კი სერიოზული პრობლემები შეექმნა.
მილანის პროკურატურის მონაცემებით 2000 წლის თებერვალში ბერლუსკონიმ მილსის შვეიცარიულ ანგარიშზე 600 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა. სწორედ ამ ფულს მიიჩნევენ ქრთამად, იმისათვის, რომ მილსმა " Fininvest "-ის შავი ფონდების შესახებ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს არ განაცხადა იმ ფინანსური მაქინაციების შესახებ, რომელსაც კომპანია 90-იან წლებში საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლით - ოფშორული ზონების მეშვეობით ახორციელებდა.
მასალის გამოყენების პირობები