ჟურნალმა "ფორბსმა" ათი საუკეთესო და ცუდი პროფესიის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკის შრომის ბაზარზე გაკეთებული ანალიზის საფუძველზე მომზადდა.
"ფორბსის" მონაცემები ცარეერ ცასტ-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას ეყრდნობა. რეიტინგი შედგენულია მოსალოდნელი შემოსავლების, დამქირავებელთა მიერ მოთხოვნების, სამუშაო ადგილის კომფორტისა და სტრესის დონის განსაზღვრის მიხედვით. ტოპ ათეულის სათავეში ყველასთვის მოულოდნელად აღმოჩნდა სპეციალისტი, რომელიც სადაზღვეო და სოციალური კომპანიების ზარალისა და კომპენსაციის გამოთვლებითაა დაკავებული. არცთუ ისე იოლი პროფესია, გარანტირებულ სამუშაო ადგილთან ერთად, დაქირავებულს შესაძლებლობას აძლევს, საშუალო წლიური 85 ათასი დოლარის ხელფასი მიიღოს და ამავე დროს მინიმალური სტრესის ქვეშ იმყოფებოდეს. რეცესიის პირობებში სამეულში შევიდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრისა და კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსების პროფესია, საშუალო შემოსავლით 85-იდან 76 ათას დოლარამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პროფესიას დასაქმების საკმაოდ მაღალი პერსპექტივა აქვს.
2010 წლისთვის, როდესაც ჯერ კიდევ ძნელია შრომის ბაზრის აღდგენაზე საუბარი, საკმაოდ დაფასებულები აღმოჩნდებიან ბიოლოგები, მათემატიკოსები, ბუღალტრები, სტომატოლოგების თანაშემწეები, სტატისტიკოსები და ადვოკატების თანაშემწეები.
მოულოდნელოდ ათეულში აღმოჩნდა ისტორიკოსის პროფესიაც, თუმცა არასასახელმწიფო სექტორში დასაქმებულის.
რაც შეეხება ცუდ პროფესიებს, ამ კატეგორიებში "ფორბსის" ვერსიის მიხედვით, მეტწილად მუშების სპეციალობებია წარმოდგენილი.
ცუდ პროფესიათა შორის ათეულში აღმოჩნდა მუშის პროფესია ნავთობმომპოვებელ სფეროში, რომლის საქმიანობაც შორსაა იდეალური კომფორტისაგან. ამავე დროს, მაღალი რისკის შემცვლელია და დაბალ ანაზღაურებადია - წლიური 31 ათასი დოლარი. ასევე ცუდ პროფესიებს შორის აღმოჩნდა ტყის მჭრელის, ფერმერის, შემდუღებლის, მშენებლის, მეტალურგისა და ფოსტალიონის პროფესიები. ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი კი ამერიკაში ტაქსის მძღოლები და დასუფთავების სფეროს თანამშრომლები აღმოჩნდნენ (22-31 ათასი დოლარი წლიური შემოსავალი). 2009 წლის დეკემბერში აშშ-ში უმუშევრობამ 10 % შეადგინა.