მოსამართლეების მიმართ წარმოებული დისციპლინური დევნის სრული გასაჯაროება, შესაძლოა, მათზე ზეწოლის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კახაბერ ანჯაფარიძემ კომიტეტის წევრის, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა.
ვეფხვაძის თქმით, მოსამართლეების დისციპლინარული დევნა საჯარო უნდა იყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ მოსამართლის მიერ დისციპლინური დევნის შედეგის სრული გასაჯაროება მიზანშეუწონელია, რადგან ის შეიძლება ადვოკატების მიერ მასზე ზემოქმედების მექანიზმად იქცეს.
კანონპროექტის მიხედვით კი, მოსამართლის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგები გამოქვეყნდება, თუმცა ის იქნება დაშიფრული და მასში მითითებული არ იქნება მოსამართლის სახელი და გვარი.
ამასთან, ანჯაფარიძის შეფასებით, დაშიფრული ინფორმაციის გამოქვეყნება იქნება მაგალითები იმისა, თუ რა სახის ქმედებებზე რეაგირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
"ეს საინტერესო იქნება როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე მედიისთვის", - აცხადებს დეპუტატი.
მოსამართლის მიმართ განხორციელებული დევნის შედეგები მთლიანად ცნობილი მხოლოდ საჩივრის ავტორისთვის გახდება.