მთავრობა საპარტნიორო ფონდის პოპულარიზაციას იწყებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საპარტნიორო ფონდის ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდნენ.
როგორც ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ესა თუ ის პროექტი განხორციელდება, ფონდი საკუთარ წილს კერძო სექტორს მიჰყიდის და ის მთლიანად კერძო სექტორის საკუთრებაში გადავა.
"საპარტნიორო ფონდი გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ და მიზანი ამ ყველაფრისა არის ძალიან მარტივი: განახორციელოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დღემდე კერძო სექტორმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო. ხშირ შემთხვევაში, ეს მიზეზებია დიდი კაპიტალი, ზოგჯერ გეოპოლიტიკური პრობლემები, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად უნდა გადაწყდეს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მთავარი მიმართულება არის ექსპორტი და ტურიზმი. ეს არის ის ორი ძირითადი მიმართულება, რომლებზედაც ინტენსიურად ვმუშაობთ. სწორედ ამ პროექტების გაცნობა მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატირ კორპუსთან ერთად, რათა მათ იცოდნენ, რა გეგმები გვაქვს და რის განხორციელებას ვაპირებთ. თანხებს, ძირითადად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ვიზიდავთ, როგორებიცაა "ევრობანკი", აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი. მათი დაინტერესება საკმაოდ დიდია, რადგანაც საუბარი გვაქვს, მაგალითად, სასტუმროების მშენებლობაზე, ახალი ჰესების მშენებლობაზე, რომლის საინვესტიციო პორტფელიც 0,5 მილიონ დოლარამდე ადის და, შესაბამისად, კერძო სექტორი ამხელა ინვესტიციის ჩადებას ჰიდროსექტორში ვერ ახერხებს. საპარტნიორო ფონდის მიზანი და მეორე ეტაპი კი იქნება ის, რომ ის თამაშიდან გამოვიდეს, დათმოს წილი, ამ წილის პრივატიზაცია მოხდეს და კერძო სექტორს გადასცეს ესა თუ ის ქონება", - განაცხადა გილაურმა.
ვერა ქობალიას განცხადებით კი, ფონდის მთავარი დანიშნულებაა - სახელმწიფომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალი პროექტები განახორციელოს, რაც დამატებით სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.
"საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ფონდიდან დაფინანსდება ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორიდან ვერ ხორციელდება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
თავად საპარტნიორო ფონდის მთავარი ოფიცერი, კახა ხიზანიშვილი კი აღნიშნავს, რომ ფონდი, ძირითადად, 4 მიმართულებით იმუშავებს, როგორებიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება.
"ჩვენი მიზანია, სხვადასხვა პროექტში უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს. ბევრი ისეთი მიმზიდველი პროექტია საქართველოში, რომლის მნიშვნელობას და საჭიროებასაც ყველა ხედავს. ქვეყანაში არ არის საკმარისი კაპიტალი ამ მიმართულებით და, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ინვესტიციების მოზიდვას", - აღნიშნა ხიზანიშვილმა.
სს საპარტნიორო ფონდი კერძო კაპიტალის ფონდია, რომელიც სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააფუძნა. სახელმწიფოს მფლობელობაშია მისივე 100 %. ფონდი მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა შეზღუდულია პროექტის ჯამური კაპიტალის 49 პროცენტამდე, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულების - 25 პროცენტამდე. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ არის უზრუნველსაყოფი.