საქართველოს ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დააკავეს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური და დანაშაულში თანამონაწილე რევაზ მუმლაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის დაცვის უფროსია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 14 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დაკავებულ იქნენ საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური და დანაშაულში თანამონაწილე რევაზ მუმლაძე. რევაზ მუმლაძე, გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულისა, ასევე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, კერძოდ, მან ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიუთითა გარიგებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები ოდენობა, რითაც თავი აარიდა გარკვეული გადასახდელების გადახდის ვალდებულებას", - აღნიშნულია განცხადებაში.