კიბერუსფართხოებასთან დაკავშირებით ახალი კანონის შემუშავება საჭირო არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დროს "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომელსაც ასევე უშიშროების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
"საერთოდ ეჭვი მეპარება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან ეს პრობელმები ისედაც მოგვარებადია და არ საჭიროებს კანონის ვალდებულებებს", - განაცხადა თავხელიძემ და მაგალითად კომერციული ბანკი მოიყვანა, რომლებიც ინფორმაციის უსაფრთხოებას ისედაც იცავენ. რაც შეეხება კრიტიკული ობიექტების ნუსხის განსაზღვრას, თავხელიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით მისი განსაზღვრა სწორი არ იქნება, რადგან ის შექმნილ რეალობაზე ადეკვატურ რეაგირებას ვერ მოახდენს.
"ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ახალი მარეგულირებლის გაჩენის აუცილებლობას რაც არაკონსტიტუციური იქნება" - მიაჩნია ექსპერტს და აქვე დასძენს, რომ აღნიშნული ფორმით კანონის მიღების შემთხვევაში ის დაახლოებით ნახევარ წელში უკვე შესაცვლელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი საჯარო და კერძო იურიდიულ პირებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით მთელ რიგ ვალდებულებეს აკისრებს.