პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით "თავისივე დაგებულ ხაფანგში გაება". ასეთი შეფასება ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტარისას განაცხადა.
პრეზიდენტმა პარალმენტს მიმართა თხოვნით, ორი კვირით გაგრძელდეს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის ვადა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს კანდიდატები 8 იანვრამდე უნდა შეერჩია. ცესკოს ოპოზიციურ წევრებს კი გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დღეს ეწურებათ. სწორედ იმის გამო, რომ ვადები დარღვეულია, ცაგარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ვადების გადაწევას მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ "როგორმე გამოიძებნოს ნაცმოძრაობისათვის მისაღები კანდიდატურა".
ცაგარეიშვილის თქმით, ეკა სირაძისა და კახა სოფრომაძის კანდიდატურები ხელისუფლებას ხელს არ აძლევს.
"ეძებენ ისეთ კანდიდატურას, რომელიც რასაც თარხნიშვილი აკეთებდა, თვალდახუჭული გააკეთებს", _ აცხადებს იგი.
ასეთი კანდიდატის მოძებნა კი, ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლებას გაუძნელდა. ამას უკავშირდება ერთი მხრივ ის, რომ დაირღვა პრეზიდენტის მხრიდან კანონი და მეორე მხრივ ის, რომ ახლა პრეზიდენტის პარლამენტს მიმართავს ვადების გადაწევასთან დაკავშირებით.
"გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ელემენტარული წესიც კი ვერ დაიცვა. სწორედ ეს არის დემოკრატიული არჩევნების სააკაშვილისეული გაგება", - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ პარლამენტის მხრიდან არათუ ტაშისკვრით უნდა ხდებოდეს სააკაშვილის თხოვნის მიმართვა, არამედ პარლამენტი მისი იმპიჩმენტის საკითხს უნდა აყენებდეს, კანონის დარღვევის გამო.