თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბაგებში კომპანია "კალასის" მიერ წარმოებული სამშენებლო პროცესი დაათვალიერა. პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში" დაფინანსდა და კომპანიამ ორი მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.
მშენებლობა მაისში დასრულდება. გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას ძველ თბილისში ავარიულ ბინებში მცხოვრები 17 ოჯახი მიიღებს. მშენებლობაზე 100 ადამიანია დასაქმებული.
ამ ეტაპზე უკვე გადახურულია ექვსი კორპუსი, მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება და ბინების მოსაწყობი შიდა სამუშაო.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში, უახლოესი ორი წლის განმავლობაში 243 ოჯახი ახალი სახლებით დაკმაყოფილდება. პროექტის მიზანია, შეჩერებული მშენებლობების განახლება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ისტორიული უბნების საბინაო ფონდის გაუმჯობესება.
თბილისის მერი საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლისა და გამოჩენილი მეცნიერის ივანე ბერიტაშვილის იუბილესაც დაესწრო.
ბერიტაშვილის 125 წლის იუბილეს დღეს მეცნიერები და ფიზიოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
იუბილეზე დედაქალქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას სახელმწიფომ ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს და გამორჩეულ სტუდენტებს საშუალება უნდა მისცეს, რომ ამ განხრით სწავლა და შემდგომი მოღვაწობა გააგრძელონ.