არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 14 კანდიდატი დასახელდა.
ესენია: ეკა სირაძე, ზურაბ ხატიაშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ სიჭინავა,
დავით პაიჭაძე, სერგო რატიანი, დავით აფრასიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი ყიფშიძე, გია ჯანდიერი, ლევან ბეჟაშვილი, არჩილ მიქელაძე, თამაზ ბერიანიძე და კახა სოფრომაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს გამართა.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების ვადის 2 კვირით გაგრძელება სთხოვა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოვლენების ხელოვნურად დაჩქარება საჭირო არ არის და ყველამ, მათ შორის ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააზრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
"ვადა უნდა გაგრძელდეს, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს მივცეთ გადაწყვეტილების საშუალება. არ გვინდა პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. 2 კვირა არაფერს ცვლის და ჩვენ კონსენსუსს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. 7, 8 და 9 იანვარი საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესი დრო არ არის. ყველას უნდა მივცეთ საშუალება, ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ დაისვენოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს. ვუთხრათ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ კანდიდატურის შესარჩევად მათ საკმარისი დრო აქვთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველოში თავისუფალი, სამაგალითო არჩევნები ჩატარდეს, რომლის სამართლიანობაში ეჭვი არავის შეეპარება.
"ეს მნიშნელოვანია საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის. საქართველოს მტერს, ოკუპანტს აქვს კონკრეტული ამოცანა, საქართველოში მოახდინოს სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია და ამის ნიადაგზე ინტერვენცია, ქვეყნის სრული დაპყრობა განახორციელოს. ეს არის სცენარი და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამ სცენარს ვერ განახორციელებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.