ლეიბორისტული პარტია "სააკაშვილის გაპრეზიდენტებაზე" პასუხისმგებლობას ჯონ მაკკეინს აკისრებს.
როგორც პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ბუშის დაჯგუფებასთან ერთად, სწორედ მაკკეინი აგებს პასუხს საქართველოში "ვარდების რევოლუციად" წოდებულ ანტიკონსტიტუციურ სახლმწიფო გადატრიალებაზე, სააკაშვილის გაპრეზიდენტებასა და მისი დანაშაულებრივი პოლიტიკის მუდმივ გათეთრებაზე".
"ამერიკელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, იძულებული ვართ, განვაცხადოთ, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი კვლავინდებურად აგრძელებს ტერორისტ, დიქტატორ სააკაშვილის ნათლიმამობას და ლობირებას", - განაცხადა ნათელაშვილმა, რომლის შეფასებითაც, "ვარდების რევოლუციას" და სააკაშვილის გაპრეზიდენტებას დამოუკიდებლობის დაკარგვა, ქვეყნის კოლონიად გადაქცევა და სახელმწიფოს დაშლა-განადგურება მოჰყვა.
ამასთან, ნათელაშვილის აზრით, საქართველოში ჯონ მაკკეინის ვიზიტი მხოლოდ იმის გამო დაიგეგმა, რომ "გადარჩეს სააკაშვილის ხელისუფლება".
"ბათუმში მაკკეინისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე ლეიბორისტული პარტია მიწვეული იმ მარტივი მიზეზის გამო არ ყოფილა, რომ დღემდე ჩვენ მაკკეინის დაუნდობელი კრიტიკით გამოვირჩევით", - განმარტა ნათელაშვილმა.