ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერს შეხვდა.
შეხვედრა ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
უსაფრთხოების სტრატეგია, დევნილების სოციალური პირობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება - ეს იყო მხარეების განხილვის მთავარი თემა.
როგორც ჟურნალისტებს ჰაბერმა განუცხადა, ამერიკელ სენატორს მისიის სამუშაო გეგმის განხორციელების მიმდინარეობაც გააცნო.
"დაისვა რამდენიმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ სამომავლო პერსპექტივას. ვისაუბრეთ ნდობის აღდგენის საკითხზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაზე", - განაცხადა ჰაბერმა.
მისივე შეფასებით, "შეხვედრა საინტერესო იყო და ამერიკელი სენატორი კმაყოფილი დარჩა".
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შეხვედრა თავად მაკკეინის მოთხოვნა იყო.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სტუმარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ ზუგდიდში არსებულ პრეზიდენტის სასახლეში თავად დევნილებს შეხვდა. ამ დროისთვის კი ის ისევ ბათუმში მიემგზავრება, საიდანაც რამდენიმე საათში აშშ-ში გაფრინდება.