საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებისთვის ორი კვირა ითხოვა.
ამ წინადადებით მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოვიდა.
აღნიშნულის მიზეზად ქვეყნის პირველმა პირმა საახალწლო პერიოდი დაასახელა და განმარტა, რომ "ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად ახლა არც თუ კარგი დროა".
"ჩვენი მთავარი ამიცანაა, უახლოეს თვეებში საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ, ისეთი რომელიც ეჭვს არ გამოიწვევს. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენი ქვეყნის მტერს კონკრეტული ამოცანები აქვს - მოახდინოს დაპირისპირების იმიტაცია, შემდგომ კი ინტერვენცია, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამას ვერ შეძლებს. მოვუწოდებ პარლამენტს, ცსკ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის ვადა გაახანგრძლივოს, რათა პარტიებს საფუძვლიანი არჩევის საშუალება ჰქონდეთ. ორი კვირა არაფერს ცვლის", - განაცხადა სააკაშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე.
"დღესასწაულია, ვინც გამოსაფხიზლებელია გამოფხიზლდეს და შემდეგ ჩამოვყალიბდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ლევან თარხნიშვილის შემცლელი სამი კანდიდატის ვინაობა, კანონის შესაბამისად, ჯერ კიდევ 8 იანვარს უნდა დაესახელებინა.