საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ესპანეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საქართველოსადმი მხარდაჭერას უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს. ეს განცხადება გიგი წერეთელმა დღეს პარლამენტში ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატთა დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც წერეთელმა განაცხადა, "ესპანეთი ევროკავშირის თვმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მისი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკურ საკითხებში, რაც დიდად განსაზღვრავს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას.~
წერეთელი აქცენტს იმაზე აკეთებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესპანეთის მხრიდან აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ყველა იმ ინიციატივის ხელშეწყობა, რომელიც საქართველოს გააჩნია.
"ესპანეთი ძალიან მონდომებულია, სხვა ქვეყნებთან ერთად ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე იმ ხელშეკრულების საკითხში, რომელიც მან უნდა შეასრულოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
გარდა ამისა, როგორც წერეთელმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი საპარლამენტთაშორისო და ქვეყანათაშორის ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური თნამშრომლობისა და ინვესტიციების საკითხებზე.
ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ბიზნესმენებთან.