დავით აღმაშენებლის ლიტერატურული პრემიის გაცემის თარიღის მოახლოებასთან ერთად საზოგადეობაში ამ მოვლენისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიკვეთა. საზოგადეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეიდენტის, ალქსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ პრემიაზე განაცხადი ქართველ მწერლებს არ უნდა შეეტანათ. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ პრემიის მაძიებლეთა შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. საკონკურსოდ ლიტერატურული ნაწარმოებები წარადგინეს ჭაბუა ამირეჯიბმა, ელიზბარ ჯაველიძემ, რევაზ მიშველაძემ, ჯემალ აჯიაშვილმა, ვასილ კუკულაშვილმა, ირაკლი სამსონაძემ, ვაჟა კოზმანაშვილმა, მარინა ცხვედიანმა, ნოდარ წულეისკირმა, ვიქტორ რცხილაძემ, რეზო ამაშუკელმა, გენო კალანდიამ, ჯემალ დავლიანიძემ, ილია ლეკვეიშვილმა, სოსო სიგუამ, ბორის დარჩიამ, მურმან თავდიშვილმა, გიორგი მახარაძემ, მაია მოსულიშვილმა და სხვებმა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სულ ასამდე ნაწარმოები იქნა წარდგენილი, თუმცა ლაურეატები ოც საუკეთესოს შორის გამოვლინდება.
დავით აღმაშენებლისPპრემიის ერთ-ერთი კანდიდატი პოეტი, გენო კალანდია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, ამ საკითხს საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. გენო კალანდიას თქმით, მწერლები პოლიტიკაში არ ერევიან და დავით აღმაშენებლის პრემიაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ლიტერატურულ ჭრილში უნდა იქნას განხილული.
"მე პოლიტიკაში არ ვერევი. ეს არის ლიტერატურული პრემია და ნებისმიერ მწერალს აქვს უფლება, მასში მონაწილეობა მიიღოს. ის ცნობილი ადამიანები, რომლების მონაწილეობას იღებენ ამ კონკურსში პრემიის მოსაპოვებლად, არ შეიძლება საქართველოს მტრები იყვნენ და საქართველო არ უყვარდეთ. როდესაც მე სანგარში ვიყავი და გუმისთის და ეშერის მიწას ვჭამდი, ბევრი აუდიტორიაში იჯდა და სამშობლო შორიდან უყვარდა. ამ ადამიანებმა გენო კალანდიას ჭკუა არ უნდა ასწავლონ", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა.
გენო კალანდია პრემიის მოპოვების შემთხვევაში, მიღებული თანხით აფხაზეთის ომში დაღუპული ექვსი პოეტის კრებულის გამოცემას გეგმავს. იგი ასევე აპირებს აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პოეტებსა და მწერლებს დაეხმაროს და თანხის ნაწილს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადაურიცხოს.
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის პრემიაზე წარდგენილ ნაწარმოებს, კალანდიას თქმით, პრემიაზე წარდგენილია მისი კრებული "100 ლექსი" რომელიც ცოტა ხნის წინ გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა.
"რამდენიმე თვის წინ, როდესაც გავიგე საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის დაარსების და დავით აღმაშენებლის პრემიის შესახებ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა და წარმედგინა ჩემი ნაწარმოები. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ისე, რომ მე მივიღე ეს პრემია, მინდა გამოვცე კრებული ექვსი საზოგადოებისთვის უცნობი პოეტისა, რომლებიც ჩემი უმცროსი მეგობრები იყვნენ და აფხაზეთში დაიღუპნენ, ამ დრომდე მათი სახელი საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. მე მინდა დავეხმარო ასევე აფხაზეთიდან დევნილ მწერლებსა და პოეტებს. პრემიიდან მიღებულ თანხას მოვახმარ ასევე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლსაც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გენო კალანდიამ.