საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანელ კონგრესმენებს შეხვდა.
როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ესპანელი კონსგრესმენები საქართველოთი დაინტერესებას გამოთქვამენ, რაც მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.
პოლოლიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე სავიზო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების და ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებები განიხილება.
"რამდენიმე დღის წინ შვედეთმა ესპანეთს გადააბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. განწყობა პოზიტიურია ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამაზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა მომავალი ექვსი თვის განმავლობაში. შეხვედრაზე განიხილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, სავიზო რეჯიმისა და ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებები", _ განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ესპანელი კონგრესმენები ხუან მოსკოსოს, ალექს საესის და კარლოს კაბას შემადგენლობით თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ. კონგრესმენები საქართველოში სამ დღეს დარჩებიან და ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.