საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ოპოზიციას ურჩევს, "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი კარგად წაიკითხონ. ამის შესახებ კუბლაშვილმა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ განაცხადა.
"რომელი პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რა პროცესებისთვის იხარჯება და როგორია პოლიტიკურ პროცესებში დახარჯული თანხების წარმომავლობა - ამის გაგების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს და შესაბამისად ეს იქნება გარანტირებული. წაიკითხეთ კარგად მითითება, რომ ვერც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ვერც სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ ამ კანონის გამოყენება ვერ მოხერხდება. რაც არ უნდა დააფრთხოთ დღეს საზოგადოება და უთხრათ, რომ თურმე ეს შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ეს ასე არ არის", - მიმართა ოპოზიციას კუბლაშვილმა.
მისი თქმით, კანონი მკაცრი იქნება იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის გზით იაროს, ან ფული უკანონო გზით მოიტანოს პოლიტიკაში და უკანონო გზით ხარჯოს.
"ეს კანონი იქნება მკაცრი იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ჯიბეგამოწეულები ელოდებოდნენ, როდის ჩაუდებდნენ თანხას, რომ ეს დაეხარჯათ შემდეგ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის. ასევე ეხება იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ამბობდნენ, მზად ვართ გვიყიდოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომელსაც აქვს თავის ფულიო", - მიმართა კუბლაშვილმა დეპუტატებს.