საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საგაზაფხულო სესიის გახსნაზე გამართულ დებატებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ენას ძვალი არა აქვს". ამის შესახებ დარჩიაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა.
"პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნასთან დაკავშირებული დებატები აჩვენებს ბევრ რამეს და მათ შორის ორს: ერთი - ქვეყანაში ნამდვილად არის დემოკრატია და სხვაგვარად ყოველივე იმის მოსმენა, არის ჭეშმარიტებასთან რაიმე კავშირში თუ არ არის, შეუძლებელი იქნებოდა და მეორე - ენას ძვალი არა აქვს. სკოლების ოპტიმიზაციის კორუფციად და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ტოტალიტარიზმად წარმოსახვა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, გარკვეული ლოგიკაა, როდესაც, როგორც ქვეყანას, ისე ადამიანს, აფასებენ იმის მიხედვით, თუ მისი გარემოცვა რას ფიქრობს და რას ამბობს.
დარჩიაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ევროპის საბჭოს არსებობაც შეახსენა და აღნიშნა, რომ იანვარში, სესიაზე, მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო დასკვნაში, მართალია, კრიტიკაც იყო, მაგრამ იქ ტოტალიტარიზმის ნიშნებზე საუბარი არ ყოფილა.
"ეს რეალური ვითარება კი, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, ამაზე თქვენი განცხადებებიც მეტყველებს", - მიმართა დარჩიაშვილმა ოპოზიციას.