ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი უნდა დაჩქარდეს და საქართველო ნატოს წევრი გახდება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ჩვენ მოველით პროცესის დაჩქარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ის მომენტი, როდესაც საქართველოს ნატოს წევრი გახდება რაც შეიძლება დავაჩქაროთ", - განაცხადა ბარამიძემ. მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიზანი ყო საქართველოს გადაეხვია მის მიერ არჩეული გზიდან.
„რუსეთს სწორედ ეს უნდოდა, რომ იმ აგრესიით, რომელიც მან განახორციელა 2008 წელს და იმ აგრესიით, რომელსაც დღესაც ახორციელებს საქართველოს გადაეხვია ამ გზიდან და არ დაეშვა საქართველოს ნატოში გაწევრიანება რაც აშკარაა რომ არ გამოუვიდა", - აღნიშნა ბარამიძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ - საქართველო ნატოს წევრი გახდება, კიდევ უფრო ხაზი გაუსვა რუსეთის არასწორი ქმედების უნაყოფობას.
„აპატურაის განცხადებამ კიდევ უფრო ხაზი გაუსვა რუსეთის არასწორი ქმედების უნაყოფობას და იმას რომ რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და მთელი საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ბარამიძემ.