ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრ ჯონდი ბაღათურიასა და უმრავლესობის წევრებს შორის დაწყებული კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ინციდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაღათურიამ უმრავლესობის წევრებს გაახსენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წითელი ხიდიდან როგორ გარბოდნენ.
"მე ამ დროს გორში ვიყავი, ზოგიერთი კი წითელი ხიდიდან გარბოდა" - შეახსენა უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რაზეც მათი მხრიდან პასუხად მიიღო, რომ ის გორში "კატლეტების საჭმელად იყო ჩასული".
პარლამენტის სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა სხდომათა დარბაზში მოჩხუბარ დეპუტატებს მოუწოდა დაწყნარებულიყვნენ, თუმცა, უცენზურო სიტყვები დარბაზში მაინც ისმოდა და ბაღათურია პასუხის გაცემას უმუკროფონოდაც ცდილობდა.
"თითებს ნუ იქნევ, სადაც გაგსვლია იქ იქნიე, გაიყვანეთ, დარბაზიდან ბაღათურია! რას დადიხართ, გაეროს დამკვირვებლებივით, მოკიდეთ ხელი და დარბაზიდან გაიყვანეთ!", - მიმართა მაჭავარიანმა მანდატურს.
მიუხედავად მაჭავარიანის მოთხოვნისა, მანდატურებმა ბაღათურიას დარბაზიდან გაყვანა ვერ შესძლეს.