საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განსახილველი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის დაწყების წინ მმართველი ძალა სავალდებულო რეჟიმში განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებისთვის.
"როგორც იცით, 2012 წელს დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. მანამდე კი ამ მოწვევის პარლამენტში ერთი საგაზაფხულო სესიაღა დაგვრჩა, ამიტომ შეხვედრაზე ის პრიორიტეტული საკითხები განვიხილეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს უმრავლესობის ლიდერი.
მისი თქმით, მმართველი ძალის პრიორიტეტებად რჩება ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ასევე ჯანდაცვა და განათლება.
"წელს ბევრი რეფორმა გვაქვს დაგეგმილი. როგორც იცით, შენდება ახალი საავადმყოფოები, მაგრამ იქ შესვლა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა როგორც ჩვენთვის, ასევე მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანია და ამ კუთხით ღონისძიებები უნდა გავატაროთ. წლის ბოლოს მოხდება პენსიების ზრდაც, რაც ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების გადინებას გამოიწვევს და უნდა ვიზრუნოთ იმაზედაც, რომ ამ ყველაფერს ეკონომიკამ გაუძლოს და ინფლაცია არ გამოიწვიოს", - მიაჩნია ცისკარიშვილს.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკონომიკა მთელ რეგიონში ყველაზე ჯანსაღია, ეს მათ დამშვიდების საშუალებას არ აძლევს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის პრობელმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.