საპარლამენტო უმცირესობა აღარ დაიშლება. როგორც ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება კანცელარიაში უკვე გატარებულია.
თუმცა აღნიშნული განცხადება დღეს ბიუროზე არ ყოფილა წარმოდგენილი, რაზედაც ვეფხვაძემ აღნიშნა, განცხადების კანცელარიიდან ბიურომდე მიღწევა, მისთვის უცნობია.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა განმარტა, რომ კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლის შესახებ განცხადება მის კომიტეტში და საორგანიზაციო დეპარტამენტში პლენარულ სხდომამდე უნდა შევიდეს, რის შემდეგაც გოგორიშვილი ფრაქციებში განხორციელბულ ცვლილებებს უკვე სესიაზე გააჟღერებს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობიდან ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე გარიცხეს, უმცირესობის დაშლის საფრთხე გაჩნდა.
რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის შესაქმნელად უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ნახევარზე მეტია საჭირო.
შესაბამისად, ხურციძის გარიცხვის შემდეგ უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების რაოდენობა 24 გახდა, ხოლო უმცირესობაში სულ 12 წევრი იყო, რაც მის დაშლას გამოიწვევდა.
თუმცა კურდღელაშვილის გადასვლის შემდეგ უმცირესობაში, ბალანსი აღდგა და შესაბამისად მის დაშლას საფრთხე აღარ ემუქრება.