საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან, სოლვიტა აბოლტინასთან შეხვედრისას, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს - "კავკასია 2012"-საც.
"შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ე.წ. რუსულ სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებზე "კავკასია 2012"-ზე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას", - განაცხადა ვაშაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას საქართველო-ლატვიას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმევას წარმოადგენდა.
"ყველაზე მეტად გვაინტერესებს, ორმხრივი მეგობრული და თბილი პოლიტიკური ურთიერთობები გავავრცელოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზედაც. ის ციფრები, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობაში გვაქვს, არც ლატვიურ და არც ქართულ მხარეს არ აკმაყოფილებს. ჩვენს სტუმრებს აინტერესებდათ, რა მიზნები აქვს 2012 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ სიტუაციას და იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ურთიერთობაში.
"საუბარი შეეხო ჩვენს გეგმებსაც, რომელიც შეეხება ნატო-ს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ უზარმაზარი შთაბეჭდილება მიიღეს. მათ განაცხადეს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჯგუფის წევრი, რომელმაც წარმატებით დააღწია თავი მსოფლიო ფინანსურ კრიზისს", - განაცხადა ვაშაძემ.