"ლეიბორისტი" დეპუტატები პარლამენტისგან სამივლინებო თანხის გამოყოფას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატების - შალვა ნათელაშვილის, გიორგი გუგავას, კახაბერ ძაგანიას და იოსებ შატბერაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც მათი მხრიდან ბოიკოტის გაგრძელებას ეხება.
"მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რომ თქვენი პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალადობითა და მოსყიდვით, არჩევნების მასობრივი გაყალბებით მოახერხა საპარლამენტო ხელისუფლების უზურპაცია, რის გამოც ჩვენ, ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, უარი ვთქვით გვემოღვაწევა თქვენი უკანონო დეპუტატების გვერდით და ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბოიკოტს. ამასთან, თქვენს პარლამენტს ქვეყნის დაქცევის მეტი არაფერი გაუკეთებია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, "ლეიბორისტი" დეპუტატები არ აპირებენ კუთვნილ ხელფასებზე უარის თქმას.
"რაც შეეხება თქვენს მონა ტელევიზიებს, რომლებიც ყოველი საპარლამენტო სესიის წინ აპიარებენ ჩვენ მიერ კანონიერი ხელფასის აღების ფაქტს, შევახსენებთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი თანხის ჩუქებას აკაკი მინაშვილისთვის, გივი თარგამაძისთვის და სხვებისთვის პრემიის სახით. მეტიც: თქვენი ხელისუფლების საერთაშორისო არენაზე დროულად დამთავრებისთვის ჩვენი თანხით დავდივართ უცხოურ მივლინებებში და ამიტომ კეთილი ინებეთ და ჩვენი კუთვნილი სამივლინებო თანხები მოგვეცით კანონით დადგენილი წესით", - აღნიშნულია "ლეიბორისტების" განცხადებაში.
"ლეიბორისტული პარტიის" მტკიცებით, 1999 წლიდან მათი პარლამენტში არშეშვებით პარტიისთვის სუფთა მატერიალურმა ზარალმა 2 500 000 ევრო შეადგინა, რაზედაც მათ ევროსასამართლოს უკვე მიმართეს.
"ამ თანხის აუცილებლად ამოვიღებთ სააკაშვილის კრიმინალთა ჯიბეებიდან. ერთ წელიწადში თქვენმა პარლამენტმა უშრომლად შეიტყაპუნა ხელფასის სახით 11 750 000 ლარი, სატელეფონო ხარჯებზე 463 000 ლარი და კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ე.წ. გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. თბილისში სასახლეების მქონე პარლამენტართა ბინის ქირისთვის გადახდილია 500 000 ლარი. გაოცებას იწვევს პარლამენტის 9 ვიცე-სპიკერზე და კომიტეტის თავმჯდომარეებზე 7 000-ლარიანი ხელფასის ოდენობაც", - ნათქვამია განცხადებაში.