უმრავლესობის წარმომადგენელი ნინო ნაკაშიძე ოპოზიციის ცესკოში შეჭრას მოსახლეობის ანგაჟირების მცდელობით ხსნის. იგი ოპოზიციას მოუწოდებს მიბაძონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შობის ღამეს თავის ოპონენტებს ხელი ჩამოართვა და ამით დაადასტურა ურთიერთობის ცივილიზებული სურვილი.
"ოპოზიციის ყველანაირი მცდელობა რომ დაინიშნოს მეორე ტური უსაფუძვლოა, თუმცა თუ მათ ამისათვის რაიმე რეალური საფუძველი გააჩნიათ ეს უნდა მოხდეს ლეგიტიმური გზით და არა ქუჩური გარჩევებით. ცესკოში შევარდნა მიმართულია მხოლოდ იმისაკენ, რომ მოხდეს ხალხის აჟიტირება" - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნინო ნაკაშიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ამ ქმედებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადეობას საკმაოდ მწვავე რეაგირება ექნება.
"ეს არის ქვეყანაში არეულობის დესტაბილიზაციის დანერგვის მცდელობა. გარდა იმისა, რომ თავად ამას ჩვენი მოსახლეობა არ დაუშვებს. ასევე არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოებისაგან", - აცხადებს ნინო ნაკაშიძე.
მისი შეფასებით, ოპოზიციის დღევანდელი ქმედება განაპირობა იმან, რომ მათ რეალურად არ გააჩნიათ საფუძველი იმისათვის, რომ აკეთონ ის განცხადებები, წამოაყენონ ის პრეტენზიები რაც მათგან გვესმის.
"ცხადია დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა მეორე ტურის დანიშვნისათვის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიცია უკანონოდ და არა ცივილიზებული მეთოდებით ყველაფერს ცდილობს საქმე აქამდე მიიყვანოს", - აცხადებს ნაკაშიძე.