რუსეთში ამჟამად პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ხოლო სისხლისსამართლებრივი ამნისტია უახლოეს მომავალში მიზანშეწონილი არ არის. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას გააკეთა.
"სისხლის სამართლის ამნისტიის ჩატარება, რა ვიცი, დროულია ვითომ? საჭიროა კი ახლა ამის გაკეთება? საჭიროა გაუმჯობესდეს სიტუაცია პენიტენციალურ სისტემაში, ციხეებში, უნდა ვიფიქროთ ჩვენი კანონმდებლობის ჰუმანიზაციაზე. რაღაც მომენტებში შესაძლებელია ამნისტიის ჩატარებაც, მაგრამ ფართომასშტაბიანი ამნისტია ახლა რასთან დაკავშირებით უნდა ჩავატაროთ?" _ განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მას კარგად არც კი ესმის, რა იგულისხმება "პოლიტიკურ ამნისტიაში".
"კარგად არც კი მესმის, რა იგულისხმება პოლიტიკურ ამნისტიაში. ჩვენ, მგონი პოლიტიკური პატიმრები არც კი გვყავს და მადლობა ღმერთს, რომ არ გვყავს. თუმცა ამაზე საუბრობენ ხოლმე ისე, რომ გვარებს არ ასახელებენ. ერთი ადამიანი მაინც დაასახელონ, ისეთი ვინც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ზის", _ აცხადებს პუტინი.