3 თებერვალი საქართველოს ყოფილი პრემიერ -მინისტრის, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა
"დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებით თანამედროვე ქართულმა პოლიტიკამ დიდი დანაკლისი განიცადა.
ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით საზოგადოების უნდობლობის ხარისხი დღესაც მაღალია. "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სრული სიმართლე სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და უმაღლესი თანამდებობის პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ჩვენ კვლავ ვუერთდებით მოთხოვნას, რომ მოხდეს გამოძიების მასალების განსაჯაროება, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.