პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას ხედავს და სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მეორე ტურის ჩატარება საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის საჭიროა.
"ქართული სახელმწიფოსათვის უკეთესია, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, რაც ნამდვილად იქნება დემოკრატიის მაჩვენებელი. თუ ეს არ მოხდა კითხვისნიშნები და დაძაბულობა სამწუხაროდ დარჩება, ამ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება ლეგიტიმურად ქვეყნის მართვა", _ აცხადებს გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება საარჩევნო გეოგრაფიას, გია ხუხაშვილის თქმით, აქ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ძირითად პოლიტიკურ ცენტრებში ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და განასკუთრებით დედაქალაქშ,ი ხელისუფლება არჩევნებს აგებს.
"აქედან გამომდინარე მისი ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან სუსტი და დაბალი იქნება, ასეთ დროს რომ გამოცხადდეს ხელისუფლების პირველივე ტურში გამარჯვება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რჩება ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკები.", _ აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში ორი გზა რჩება: ერთი რომ საზოგადოებას მოთხოვნა დააკმაყოფილოს ანუ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს ქვეყანაში, ან მეორე _ ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებაზე უნდა წავიდეს.
"პირველ შემთხვევაში ხალხმა, შესაძლოა, ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს და ხელისუფლებას ამ თამაშში ჩაყვეს. მეორე შემთხვევაში ძალიან მაღალი პოლიტიკური რისკები რჩება და ნებისმიერი, თუნდაც ძალიან მცირე კრიზისი შეიძლება ძალიან დიდ საფრთხეში გადაიზარდოს", _ აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის განცხადებით, ის რაც საქართველოში დღემდე ხდებოდა ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს, მათ უნდა დაიწყონ რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში და უნდა იფიქრონ კაცობრიობაზე.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩატარებულ არჩევნებზე, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ _ "სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ყოფნით ფანტაზია იმისთვის, რომ მთლიანად ობიექტურად შეაფასონ ყველაფერი, პრინციპში მათ მიერ ცალსახად იყო გაცხადებული, რომ მათი შეფასებები თვითონ არჩევნების მიმდინარეობას, პროცესს ეხებოდა, ანუ იმას, რაც 5 იანვარს 18:00 საათამდე ხდებოდა, მათ სურვილი არ ქონდათ უფრო ღრმად ჩაეხედათ პროცესებში, შესაბამისად მათგან მეტი არც იყო მოსალოდნელი", _ აცხადებს ხუხაშვილი.
მისი განმარტებით, არჩევნების მსვლელობისას სერიოზული ექსცესები არ ყოფილა და ეს თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ხელისუფლებამ ობიექტურად უნდა იმოქმედოს, დემოკრატიული სახე შეინარჩუნოს.