საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საკუთარი შეფასებებით სკეპტიკოსებს კონკრეტული პასუხი გასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებას გაესვა ხაზი, რომელიც კრიტიკულად აუცილებელი საქართველოსთვის.
"ამ ფონზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხარდაჭერა, მითუმეტეს ჩიკაგოს სამიტი წინ თავისთავად არის ბიძგი ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შემდგომი დაახლოების", - აღნიშნა მინაშვილმა.
ამასთან, მინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს.
დეპუტატის თქმით, ობამას მიერ გაკეთებული განცხადება ერთგვარი სტიმულია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ფული ჩადონ, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას ნიშნავს.
"მიუხედავად იმისა რომ აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შემთანხმება აქვს რიგ სახელწიფოებთან, ეს არ არის მარტივი პროცესი. ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებს, ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი სწრაფად დაიწყება და დასრულდება და საქართველო იქნება იმ რამდენიმე სახელწიფოთა რიგში, რომელსაც აშშ-სთან განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს", - დასძინა აკაკი მინაშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის წევრის თქმით, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება.
"ბარაკ ობამას განცხადება, რომ საქართველო არის მაგალითი დემოკრატიული რეფორმებისა - ეს არის კონკრეტული პასუხი სკეპტიკოსებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმაც ცალსახად განაცხადა, რომ რეფორმები დინამიური და მიმდინარე პრიცესი და ჩვენ ამას ვაგრძელებთ. ქართული საზოგადოების და ამ ხელისუფლების არჩევანი არის, რომ ვიყოთ დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დამყარებული სახელმწიფო ამიტომაც ვიღწვით ევროკავშირისა და ნატოსკენ", - აღნიშნა მინაშვილმა.