საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა რუსეთისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა სააკაშვილი-ობამას შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ვაშინგტონში დღეს გაიმართება.
„ეს არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება და ასევე ეს ნიშნავს რუსეთის გაფრთხილებასაც. პრეზიდენტების შეხვედრაზე თემების ჩამონათვალში პირველ ადგილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოების საკითხებია, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკისთვის, რომ საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტულია ეს აშშ-ს კონგრესის მიერ რამდენი კვირის წინ მიღებულმა დოკუმენტმაც დაადასტურა.
დეპუტატის თქმით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხება, რომელიც რეგიონში სამაგალითოა.
„საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში გატარებული რეფორმების გადატანა მოხდეს არაბულ ქვეყნებში", - აცხადებს მინაშვილი.
ამასთან, აკაკი მინაშვილის თქმით, საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ 2009 წელს ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია მხოლოდ ქაღალდი არ არის და ის რეალური დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ პარტნიორობაში გამოიხატება.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა და ჩვენ განვითარებას სწრაფი ტემპებით ვაგრძელებთ", - მიაჩნია უმრავლესობის წევრს.