მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.ის გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის საქართველო არ დაასახელა.
„მარტა კოსი ამაზე წუხს და ამ კონტექსტში ყოველთვის საქართველოს ახსენებს, მაგრამ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ ჩატარებული კვლევით თუ გამოქვეყნებული ანგარიშებით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს, თუნდაც, მოლდოვასთან ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, ამაზე არ საუბრობს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ მათთვის არავითარი ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებს საქართველო და რა ნაბიჯებს დგამს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. მათთვის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა. მაშინ, როდესაც პირდაპირ გარე მმართველობას არიან დამორჩილებული, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში უნდა ისაუბრონ, მაშინაც კი, როდესაც გეოპოლიტიკის, გეოგრაფიის და რუკის წინააღმდეგ მიდიან ხოლმე. ევროკომისრები საქართველოზე არ საუბრობენ და მაშინ, როცა ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნებს შორის სამიტი იმართება, აქაც საქართველო ავიწყდებათ ხოლმე – ვურჩევთ, რუკას დახედონ და კიდევ ერთხელ გაითავისონ, რომ მათი ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი. როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში, კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო გეოგრაფიული და მდებარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სექტემბერში, ევროპელი ლიდერების დისკუსიის მოსამზადებლად, კომისია წარადგენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების ხაზს უახლოვდებიან.
„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ წევრებს და სადაც ეს გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად. მეორე, უნდა განვიხილოთ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა უფრო დიდი კავშირისთვის, რათა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და იყოს მოქნილი კრიზისების გათვალისწინებით სწრაფად ადაპტირებისთვის. მესამე, ყველა ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ევროპა - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ეს იწყება კანონის უზენაესობით. ჩვენ გვჭირდება დადასტურებული გამოცდილება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ. მეოთხე, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ისინი მოთმინებით არ ელოდებიან კანდიდატი ქვეყნების ოცწლიანი გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ისინი ინვესტიციებს დებენ. ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას. ქმნიან დამოკიდებულებას. იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის თავიდან აცილება. ეს სარგებელი უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე. რომლებიც ემსახურება როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ წევრებს. თუმცა, პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი მოდის ვალდებულებებისა და რეფორმების შესაბამისად“, - აღნიშნა კოსმა.
ევროკომისარმა გაფართოების პროცესში მონტენეგროს, ალბანეთის, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიდერთა ჯგუფს სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეიძლება შეუერთდნენ, თუ ისინი ვალდებულებებს შეასრულებენ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნდობას მოიპოვებენ.
მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს. ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო. უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში. მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ის უკვე ერთიანი ბაზრის ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკებები ერთ-ორ წელიწადში შეიძლება დაასრულოს. ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს. და მათ შეუძლიათ, თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება“, - აღნიშნა კოსმა.