უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინის ტენდეცნციებზე ამიერიდან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული, ყოველთვიური news letter -ისგან შეიტყობენ. როგორც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ განაცხადა, 2012 წლის იანვრიდან ღვინის ეროვნული სააგენტო (ყოფილი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი") ყოველთვიური news letter-ის გამოშვებას იწყებს, რომელიც ქართულ - ინგლისურ ენებზე იქნება და მეღვინეობა-მევენხეობის დარგში მიმდინარე სიახლეებს გააშუქებს.
როგორც ია ჯანაშიამ აღნიშნა, აღნიშნული news letter-ი მნიშვნელოვანი იქნება ასევე ქართველი მეღვინეებისთვისაც, რადგანაც ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ცალკეული ღვინის მიერ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს. მაგალითისთვის ია ჯანაშიამ ინდოეთი მოიყვანა, სადაც წითელ ტკბილ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა, სამაგიეროდ კი ასეთი ღვინო საქართველოში მრავლად იწარმოება
news letter-ი გავრცელდება ელექტრონული სახით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას მიიღებენ ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები, სამინისტროები, დიპლომატიური კორპუსები, დონორი ორგანიზაციები და სხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები.
news letter-ის გამოწერა ხელმისაწვდომი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ გვერდებზეც.