2011 წელს საინფორმაციო სივრცეზე ისეთივე კონტროლი იყო, როგორც სხვა წლებში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჟურნალისტმა ია ანთაძემ განუცხადა.
"მდგომარეობა 2011-ში იგივე იყო რაც სხვა წლებში, რადგან მთავარი მაინც არის საინფორმაციო სივრცის კონტროლი. თუ ეს კონტროლი არ არსებობს მედია თავისუფალია. ჩვენთან 2011-ში ზუსტად ისეთივე კონტროლი იყო, როგორც წინა წლებში", - განაცხადა ანთაძემ.
რაც შეეხება "რეპორტიორები საზღვრების გარეშეს" მიერ ჩატარებულ კვლევას, ანთაძე ამბობს, რომ ასეთი კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციებს თავისი ინდიკატორები აქვს.
"ამ ინდიკატორების მიხედვით შეიძლება მხოლოდ საუბარი იმასთან დაკავშირებით რა გაუარესდა და რა გაუმჯობესდა. ამ შემთხვევაში რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, გაუარესება იყო დაკავშირებული 26 მაისის გაშუქებასთან და იმ პრობლემებთან რაც შეექმნათ ჟურნალისტებს აღნიშნული მოვლენების დროს - იქნებოდა ეს მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, ტექნიკის წართმევა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია ამ მხრივ, როდესაც ასეთი ინდიკატორები არის ძლიერი და არის მხედველობაში მიღებული, მდგომარეობა გაუარესდა", - განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2011 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველომ გასულ წელთან შედარებით პოზიცია 5 პუნქტით გაიუარესა და 99-ე ადგილიდან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ორგანიზაციის მოხესენებაშია აღნიშნული, საქართველოს რეიტინგი განაპირობა 26 მაისის აქციის დარბევისას ჟურალისტებზე განხორციელებულმა ზეწოლამ, ასევე მუდმივმა წნეხმა იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე, რომელთაც რუსეთის მიმართ გარკვეული სიმპატიები გაჩნიათ. 2009 წელს საქართველო 81-ე ადგილზე იყო, ხოლო, 2008 წელს - 120-ე ადგილზე.