აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურება გრძელდება - ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა და ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს. ტაძართან დაკავშირებით დასკვნა ორგანიზაცია "იკონმა" გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბედიის მონასტერი განადგურების პირასაა.
ქართველი კანონმდებლების განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების მდგომარეობით "იუნესკო" უნდა დაინტერესდეს. დღეს ამ საკითხს ქართველი დეპუტატები სტრაზბურგში დააყენებენ და კონკრეტულ ფაქტებს წარადგენენ.
შეგახსნებთ, რომ ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუში ბედიის მონასტერი - X საუკუნის ეს ქართული მონასტერი ოჩამჩირის მახლობლად მდებარეობს. ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო და "შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ".
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში.
სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე. ბედიის მონასტერში დაკრძალულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და მისი დედა -დედოფალი გურანდუხტი.
დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.
მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით.
აფხაზეთის ტელევიზიით - "Абаза", გადაცემული ვიდეო-კადრებიდან ჩანს, რომ გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები - ბაგრატ III-ს გამოსახულება. ტელეკომენტატორის სიტყვებით, ეს ფაქტი სეპარატისტების მხრიდან ბედიაში ქართული კვალის წაშლას ემსახურება. კადრებიდან ისიც ჩანს, თუ როგორ აკურთხებს ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს უკანონო "აფხაზეთის ეკლესიის" თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას თანდასწრებით. შამბა იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "ჩვენი ამოცანა ამ მონასტრის აღდგენაა და ეს უბრალო საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ მონასტერს "ბარბაროსებისგან" (ე. ი. ქართველებისგან) იცავდა".
2011 წლის ოქტომბერში გავრცელებული გავრცელებული ინფორმაციით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული "რესტავრაცია" ბედიის მონასტერსაც ემუქრება. სარესტავრაციო სამუშაოებს სავარაუდოდ ქალაქ ვლადიმირიდან კომპანი "Тектоник"-ი წარმართავს.