ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლება" ოპოზიციონერ ალა ჯიოევას გადაწყვეტილებას ოს სეპარატისტთა ყოფილ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან თავისი ხელმოწერის გაწვევის შესახებ, დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.
"ალა ჯიოევას მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არაკონსტრუქციულია და მიზნად ისახავს რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზებას საპრეზიდენტო არჩევნების წინ", _ ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის პრესსამსახურის განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ მისი მიმართვა ვადიმ ბროვცევისადმი უკვე განხილულია.
"ალა ჯიოევას მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, რომლის გამოც, მან თავისი ხელმოწერა გაიწვია იურიდიულადაც და მორალურადაც უსაფუძვლოა", _ ნათქვამია ბროვცევის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ალა ჯიოევა ვადიმ ბროვცევს ვადას მისთვის ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილეობის გადასაცემად 23 იანვრამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი ე.წ. ინაუგურაციის ჩატარებით იმუქრება.
მასალის გამოყენების პირობები