რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში ჯამბოლატ თედეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებით დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 25 მარტს არის დანიშნული. თედეევმა უკვე განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება საინიციატივო ჯგუფის მიერ მისი საბუთების ე.წ. ცესკოში შეტანასა და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას.
ეს განცხადება თედეევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გააკეთა. ცხინვალში კი უკვე გაიმართა მისი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის საინიციატივო ჯგუფის სხდომა. ეს სხდომა იმავე სახლში ჩატარდა, სადაც გასული წლის შემოდგომაზე ალა ჯიოევას საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული. სხდომაში მონაწილეობა 80 მდე ადამიანმა მიიღო. საბუთების შეტანა ე.წ. ცესკოში უკვე მომდევნო კვირას იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ თედეევი გასული წლის 13 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საპრეზიდენტო არჩევნებშიც" აპირებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა ე.წ. ცესკომ იგი არ დაარეგისტრირა და მეტიც, ოს სეპარატისტთა ყოფილმა ლიდერმა ედუარდ კოკითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.
თავად ჯამბოლატ თედეევი ერთ-ერთი რუსული სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მას დაარეგისტრირებენ. მისი იმედები, დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ედუარდ კოკოითის ე.წ. ხელისუფლებიდან წასვლას უკავშირდება.
"მგონი ახლა უკვე ცესკო დამოუკიდებელია", _ ამბობს თედეევი.