ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ჩელიაბინსკელი ვადიმ ბროვცევი აცხადებს, რომ "ოსი ხალხის მიერ 20 წლის წინ არჩეული თავისუფლების გზა - ერთადერთი და სწორია. ეს განცხადება მან 20 წლის წინ ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საიუბილეო თარიღსაც სეპარატისტები დღეს აღნიშნავენ.
20 წლის წინ, 1992 წლის 19 იანვარს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ოსმა სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელზეც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობას" დაუჭირეს მხარი.
"ოსმა ხალხმა ეს არჩევანი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გააკეთა. ამ საერთო სახალხო ხმის მიცემას ჩვენი სახელმწიფოსათვის კოლოსალურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამის მომდევნო ნაბიჯი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღება იყო. სამხრეთ ოსეთმა, რომელმაც 2008 წელს გენოციდი და ომი გადაიტანა თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლო და ამაში არც თუ ისე მცირე წვლილი რუსეთის ფედერაციამ შეიტანა. 20 წლის არჩეული გზა თავისუფლებისა ერთადერთი სწორი გზაა, რომლითაც ჩვენი ხალხი თავისი ნათელი მომავლისკენ მიიწევს", _ აცხადებს ვადიმ ბროვცევი.