"ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებს შესთავაზებენ, აფხაზეთს დატოვებენ", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა გაიხილებოდა. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზოგმა ასეთმა ორგანიზაციამ, შესაძლოა, აფხაზეთის მოქალაქეებს მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად საქართველოში დამზადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ე.წ. ნეიტრალური პასპორტები შესთავაზონ. ეს უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდების გამგზავრებას ეხება", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციით გაგების შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბმა გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის აფხაზეთის ტერიტორიას დატოვებენ.
"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მოვლინებები აფახაზური საზღვარგარეთის პასპორტებით განხორციელდეს", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.