იტალიის სასამართლომ „კოსტა კონკორდიას" კაპიტნის ფრანჩესკო სკეტინოს მიმართ შინა პატიმრობა გადაწყვეტილება გამოიტანა და სახლში გაუშვა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ კაპიტნის ქმედებებმა გამოიწვია ლაინერის კატასტროფა, ასევე მას ბრალს სდებს იმაშიც, რომ მგზავრების ევაკუაციამდე დატოვა ხომალდი.
იტალიის მედიაში კი ხომალდის კაპიტნისა და სანაპირო დაცვას შორის საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნდა. ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ კაპიტანმა მგზავრებზე ადრე დატოვა გემი.
გაზეთ Corriere della Sera-ს მიერ გამოქვეყნებული სტენოგრამით ირკვევა, რომ ლივორნოს პორტის უფროსი გრეგორიო დე ფალკო დაჟინებით მოითხოვდა კაპიტნის გემზე დაბრუნებას და მგზავრებისათვის ევაკუაციის პროცესში დახმარების აღმოჩენას.
„მისმინეთ სკეტინო, შესაძლო, თქვენ უკვე გადაარჩინეთ საკუთარი თავი, მაგრამ მე თქვენ გამოგაჭენებთ ერთ ძალიან ცუდ ადგილას. თქვენ მოგიწევთ ამისათვის პასუხისგება. ეშმაკმა დაგწყებლოთ, დაბრუნდით უკან", - მიმართავს პორტის უფროსი გემის კაპიტანს.
კაპიტანმა კი ამ მოთხოვნაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ გემზე საკმაოდ იყვნენ მაშველები და ორგვლივ კი „უკუნეთია და არაფერი ჩანს".
პასუხად დე ფალკო ამბობს: „თქვენ რა, სახლში წაბრძანებას აპირებთ, სკეტინო? უკვე ბნელა და თქვენ სახლში მიგეჩქარებათ?"
იტალიის სანაპირო დაცვა დარწმუნებულია, რომ სკეტინო გემზე არ დაბრუნებულა. ამ საუბრიდან რამდენიმე ხანში იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.
სასამართლოზე სკეტინომ განაცხადა, რომ რომ ვერ შეძლო გემის ბორტზე დაბრუნება იმის გამო, რომ ის მკვეთრად გადაიხარა. მან ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც გემი წყალქვეშა კლდეს შეეჯახა, მან განახორციელა მენევრი, რომელმაც შესაძლებელი გახადა დიდი რაოდენობის მსხვერპლის თავიდან აცილება.
სასამართლო სხდომის შემდეგ სკეტინოს ადვოკატმა განაცხადა, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება გაეთავისუფლებინა კაპიტანი წინასწარი პატიმრობისგან და იგი შინა პატიმრობით სახლში გაუშვა.
პროკურორმა ფრანჩესკო ვერუზიომ, რომელიც ამტიკცებდა , რომ სკეტინო შეიძლება დაემალოს გამოძიებას, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა.
შეგახსენეთ, რომ 13 იანვარს იტალიის სანაპიროსთან მოხდარ კატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 24 ამ დრომდე ნაპოვნი არაა. მათ შორის 20 მგზავრია, რომლებიც გერმანიის, საფრანგეთს, იტალიის და აშშ-ის მოქალქეები არიან. 4 კი ეკიპაჟის წევრია -იტალიიდან, უნგრეთიდან, ინდოეთიდან და პერუდან.
გემზე 4 ათასამდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.