ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირება კარგს არაფერს უქადის. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, საქართველომ ამ კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს.
"საქართველოს საზღვრებთან ასე ახლოს მწვავე სამხედრო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფული საშიშროება ჩვენს ქვეყანას არ ელის. ქართულ დიპლომატიას მართებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და თუ გამოჩნდება რაიმე შანსი იმისთვის, რომ მან კონსტრუქციული როლი შეასრულოს დიპლომატიური ელასტიურობის თვალსაზრისით. ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, იზრუნოს, რომ ირანთან მიმართებაში დიპლომატიური და ეკონომიკური დანაკარგები იყოს მინიმალიზებული. საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. ამერიკა ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ ირანი ჩვენი მეზობელია და თანაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციის მქონე ქვეყანაა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ამ კონფლიქტის გამწვავებაში და ირანის დოსიეს ერთხელ და სამუდამოდ დახურვაში ყველაზე ძალიან დაინტერესებული არა ვაშინგტონი, არამედ ისრაელი, საუდის არაბეთი და ემირატებია", - განაცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, ცინცაძის თქმით თვის ბოლომდე არაფერი არ არის გარკვეული.
"თუ ორმუზის სრუტის ბლოკირება ირანმა მაინც გადაწყვიტა, რასაკვირველია ამას მოჰყვება სამხედრო კონფლიქტი, რადგან ამას ამერიკა და მთლიანად დასავლეთი არ დაუშვებს იმიტომ, რომ ნავთობის 40%-ს სწორედ აქედან ღებულობს", - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება და მესამე მსოფლიო ომი გამორიცხულია, რადგან ისლამური სამყარო გათიშული და ფრაგმენტიზებულია.
ცინცაძის მტკიცებით, ირანს დიდი მხარდაჭერა ისლამურ სამყაროში არ ექნება.
"საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ემირატები, რასაკვირველია, ამერიკის მხარეზე იქნებიან. ირანი მათ ყელში ჰყავთ უკვე გაჩხერილი. ირანის სტრატეგიული მოკავშირე გახლავთ სირია, მაგრამ სირია იმ დღეშია, რომ მას არანაირი რესურსი და საშუალება არ აქვს ჩაერიოს საზღვარგარეთ ავანტიურებში. სავარაუდოა, რომ ეკონომიკური სანქციები, რომელიც უკვე მძიმე ტვირთვად აწევს ირანს, პრაგმატიკოს მოლებს აიძულებს კომპრომისზე წასვლას. თუმცა, ჯერჯერობით ორივე მხრიდან გვესმის მილიტარისტული განცხადებები და იარაღის ჟღარუნი", - აღნიშნა ცინცაძემ.
ცინცაძემ ისაუბრა რუსეთის როლზედაც ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ "რუსეთს ამ კონფლიქტში დიდი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან უკანასკნელ პერიოდში რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა აღარ არის ისეთი ხმაშეწყობილი, როგორიც ადრე იყო. რუსეთმა სანქციებს მაინც მისცა ხმა და ამით ირანი გაანაწყენა".
"რუსეთი, ბუნებრივია, შეეცდება, ეს კონფლიქტი გამოიყენოს იმისთვის, რომ რეგიონში თავისი ყოფნა გააძლიეროს. სწორედ ამას უკავშირდება ის გრანდიოზული სტრატეგიული წვრთნები, რომელიც რუსეთს კავკასიაში აქვს დაგეგმილი", - აღნიშნა ცინცაძემ.