კვეტერას ისტორიული ციხე - ქალაქის კომპლექსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი, საფრთხეშია. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის განცხადებით, მე-10 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი შესაძლოა, ჩამოინგრეს.
კვეტერას ციხე - ქალაქის კომპლექსი ახმეტის რაიონში, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა - თიანეთის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ციხე - ქალაქამდე მისასვლელი გზა ძალიან დაზიანებულია. კვეტერა ისტორიულ წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კვეტერა იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიება.
ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა - გუმბათოვანი ეკლესია.
1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. გათხრების შედეგად დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა მასალა აღმოჩნდა. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერას ციხე-ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილია.
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მხოლოდ ის ძეგლები შეაქვთ, რომლებსაც იუნესკოს კომისიის აზრით, უნივერსალური მნიშვნელობა აქვს ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას ითვალისწინებენ ძეგლის ორიგინალურობას, ისტორიულ ნამდვილობას და მის მთლიანობას.
კვეტერას ციხე - ქალაქს გასული საუკუნის 70 -იანი წლების შემდეგ რესტავრაცია არ ჩატარებია. უყურადღებობისგან კვეტერას ციხე - ქალაქის მთლიანობა ყოველწლიურად ირღვევა. რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომელიც კვეტერას გარს არტყია, ინგრევა; კედლებზე ხეებია ამოსული და ინგრევა შიდა და გარე ციხეებიც, ასევე ორსართულიანი სასახლე, რომელიც ეკალ - ბარდით არის სავსე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარებას საჭიროებს მე-10 საუკუნეში აგებული გუმბათოვანი ეკლესია. „ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. წვიმებისა და დიდთოვლობის გამო სახურავიდან ჩამოყრილია კრამიტი. წვიმის წყალი ჟონავს კედლებში და გუმბათის შირიმის კვადრები და ფილები დაცილებულია ერთმანეთს. არის იმის საშიშროება, რომ ტაძარი ჩამოინგრეს. ძეგლი გადაუდებელ რესტავრაციას მოითხოვს. ჩვენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვაცნობეთ, რომ ტაძარი საფრთხეშია. დაგვპირდნენ, რომ ადგილზე ჩამოვალთ და შევისწავლითო. ველოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები