დღეს, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ქართული თეტრალური სამყარო ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გოგი ქავთარაძემ განუცხადა, ღონისძიება თეატრალიზებული იქნება.
საღამო აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გაიმართება.
"გადავწყვიტეთ, რომ ქართული თეატრის დღეს გავხსნათ სეზონი, რომელსაც მეღვინეთუხუცესს მივუძღვნით. თეატრალიზებული საღამო იქნება, ბევრ სტუმარს ველოდებით. ამის შემდეგ დაიწყება სეზონი და თეატრში სპექტაკლების დადგმა", - განაცხადა ქავთარაძემ და დასძინა , - "თეატრში სცენის, დარბაზისა და შემოსასვლელის ერთგვარი გადახალისება მოხდა. გადავწყვიტეთ, შემოსასვლელში ფოტოგამოფენები მოვაწყოთ ხოლმე და სანამ ადამიანი დარბაზში შევა, სურათები დაათვალიეროს", - აღნიშნა ქავთარაძემ.
ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. ამჟამად მარტო თბილისში 10-ზე მეტი თეატრი ფუნქციონირებს.
"1850 წლის 14 იანვრს გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით, მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღეს #1 სკოლის) შენობაში, დადგა პირველი სპექტაკლი - "გაყრა". იგი პიესის ავტორიც თავად იყო, რეჟისორიც და ერთ-ერთ - სომეხი ვაჭრის - როლსაც ასრულებდა", - განმარტავს პროფესორი ვასილ კიკნაძე
1850 წელს დრამატურგ გიორგი ერისთავის აქტიური მონაწილეობით აღორძინდა ქართული თეატრი, რომელსაც მდიდარი სცენური ტრადიციები ჰქონდა. აღორძინების პირველივე დღეებიდან ქართული თეატრი რეალისტური ხელოვნების გზას დაადგა. მის სცენაზე დაიწყო ერისთავისა და ანტონოვის უპირატესად კომედიური ჟანრის პიესების დადგმა.
ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, სადაც მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ძლიერ ნაყოფიერი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. ამ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე გამოჩნდნენ ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები - ვასო აბაშიძე (1854-1926), ლადო მესხიშვილი (1857-1930), ნატო გაბუნია (1859-1910), მაკო საფაროვა-აბაშიძე (1860-1940), კოტე ყიფიანი (1849-1921), კოტე მესხი (1859-1914), ვალერიან გუნია (1862-1938). ესენი იყვნენ ქართული სცენის ნიჭიერი ოსტატები, რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანეს.