ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები და ძალის გამოყენება, შესაძლოა, შეფასდეს როგორც რეჟიმის ცვლილების მცდელობა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ გენადი გატილოვმა განაცხადა.
"ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ცალმხრივი მოქმედება ფუჭს გახდის საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევას ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის", - დააზუსტა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სამ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიას ირანთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ჩინური კორპორაცია Zhuhai Zhenrong, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ირანული ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია.
კომპანიას აშშ-ში ექსპორტზე ლიცენზიის მისაღებად უფლება ჩამოერთმევა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა სიმბოლური ხასიათისაა, რადგან ჩინურ კომპანიას აშშ-ს ბაზარზე მცირე წარმომადგენლობა აქვთ.
სანქციები ასევე დაუწესდათ სინგაპურისა და გაერთიანებული არაბეთის ემირატების კომპანიებს.
2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო სანქციები თეირანის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც აშშ წყვეტს გარიგებებს იმ კოპანიებთან, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ.