შსს-მ სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესისა და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1-ლი თებერვლის N 108 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესსა და პირობებს. მოცემული ცვლილებებით, არსებითად უმჯობესდება პატიმრობის მოხდის პირობები და იზრდება ადმინისტრაციულ პატიმართა უფლებები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"აღსანიშნავია ჰიგიენურ/სანიტარულ პირობებისა და კვების რაციონის გაზრდა და გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების 24-საათიანი ხელმისაწვდომობა, შხაპითა და გასეირნების უფლებით სარგებლობისთვის პატიმრობით გათვალისწინებული მინიმალური ვადის დაწევა. წარმოდგენილი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ პატიმარს საშუალება მიეცემა, თვეში ორჯერ შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს, ასევე განახორციელოს სატელეფონო ზარი თვეში ერთხელ, 10 წუთის ხანგრძლივობით", - იუწყება შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული დებულება ძალაშია 2012 წლის 1-ლი იანვრიდან.