არჩევნების კარგად ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დაინტერესებული მხარეების სურვილს აქვს და არა კანონმდებლობას. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი "საარჩვენო კოდექსის" შეფასებისას აღნიშნა.
"კარგი კანონმდებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ პროცესი, რომელსაც ის არეგულირებს, კარგად ორგანიზებული იყოს, თუმცა ეს საკმარისი არაა. არსებობს გამოთქმა - "კარგი არჩევნების ჩატარება შეიძლება ცუდი კანონმდებლობის პირობებში და პირიქით, ცუდი არჩევნები შეიძლება ჩაატარო კარგი კანონმდებლობით", ასე რომ, ამ მიმართულებით გადამწყვეტი ფაქტორი არის დაინტერესებული მხარეების სურვილი - ჩატარდეს კარგი არჩევნები", - აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, ეს თანაბრად ეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართველ ამომრჩეველს.
"ეს არის მთავარი და გადამწყვეტი. ვფიქრობ, დღეისთვის საქართველოში არსებობს განწყობა - ჩატარდეს კარგი არჩევნები", - მიაჩნია ცესკოს თავმჯდომარეს.