"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების დახარჯული თანხებიც გამჭვირვალე უნდა იყოს. მისი თქმით, გამჭვირვალობა და ტრანსფარანტულობა აუცილებელია როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
"ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის ვამბობდით, რომ გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო პოლიტიკა. არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების ხარჯული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ ეს განხორციელდება ყველასთვის და ეს არ იქნება შერჩევითი, ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი და სუფთა პოლიტიკის წარმოებას ქვეყანაში", - განაცხადა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ 210 პარტიას შეტყობინებები უკვე გაუგზავნა. კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, პირველი თებერვლისთვის პარტიებმა კონტროლის პალატას საკუთარი ფინანსური საქმიანობის შესახებ დეკლარაციები უნდა წარუდგინონ. ფინანსური ანგარიშის ვადა მოიცავს პირველი ნოემბრიდან მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია კი პოლიტიკურმა პარტიამ მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.