კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ, ნათია მოგელაძის განცხადებით, მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს "ქართული ოცნებისგანაც" მოითხოვს. მისი თქმით, შესაბამისი ფორმა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, "ქართულ ოცნებასაც" გაეგზავნება. მოგელაძის განმარტებით, კონტროლის პალატის მონიტორინგი ვრცელდება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და დეკლარირებული აქვთ ყველა პოლიტიკური მიზანი.
"ასეთად, დღეის მდგომარეობით, არა ჩვენი შეფასებით, არამედ მათივე განცხადებიდან გამომდინარე, მოიაზრება საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება". კანონის სულისკვეთების გათვალისწინებით, მათ გაეგზავნებათ წერილი, სადაც გონივრულ ვადას განვუსაზღვრავთ, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება", - განაცხადა მოგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგელაძის თქმით, მონიტორინგის სამსახური ანგარიშის წარსადგენად "ქართულ ოცნებას" "გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.
პოლიტიკურ პარტიებს ანგარიშების წარსადგენად ვადა 1-ელ თებერვლამდე აქვთ.